logo
ENG



"თავისუფლება მიშას" - რუსთავის ციხესთან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია იმართება

24 ოქტ 202118:10
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია იმართება. აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა - მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და მას მაღალკვალიფიციური მედპერსონალის დახმარება ესაჭიროება. 

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები რუსთავის ციხესთან ყოველდღიურ რეჟიმში იმართება. გარდა ამისა, ოპოზიციის მასშტაბური აქცია გუშინ ბათუმშიც გაიმართა, რომელიც მეორე ტურში მონაწილე კანდიდატების მხარდასაჭერი იყო. აქციის მონაწილეებმა სააკაშვილის გათავისუფლებაც მოითხოვეს. 

შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის მასშტაბური აქცია გაიმართა. სხვადასხვა საერთაშორისო მედიების ცნობით, აქციაში 50-70 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყო. 

სააკაშვილი პროტესტის ნიშნად 24-ე დღეა, შიმშილობს. პირადი ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამძიმებულია.

მიხეილ სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს. 

3 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "სააკაშვილის გამომშვები არავინაა" და რომ "თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, დაუმატებენ მუხლებს და სხვებსაც მიაყოლებენ". 


close დახურვა